თბილისურმა კლუბებმა სეზონი მოგებით დაიწყეს - მსაჯებმა სამი წითელი ბარათი აჩვენეს #1TVSPORT
თბილისურმა კლუბებმა სეზონი მოგებით დაიწყეს - მსაჯებმა სამი წითელი ბარათი აჩვენეს #1TVSPORT

თბილისურმა კლუბებმა ეროვნულ ლიგაში სეზონი წარმატებით დაიწყეს და პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.

პირველ თბილისურ მატჩებში კი მსაჯებმა სეზონში პირველი წითელი ბარათები აჩვენეს, თანაც ერთდროულად სამი.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „იბერია 1999“-მა (ყოფილი „საბურთალო“) „თელავს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს თასის მფლობელიდან ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.

შესვენებამდე „თელავი“ კაცნაკლული დარჩა. 45+6-ე წუთზე დავით გოგოტიშვილმა ​გიზი მამაგეიშვილი მოცელა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა და არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი აჩვენა. ეს მიმდინარე სეზონში ნაჩვენები პირველი წითელი ბარათი იყო.

ამ კუთხით უფრო გამორჩეულია „დინამო თბილისის“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩი, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა და თბილისელებმა 2:0 მოიგეს. მე-10 წუთზე ანგარიში „დინამოს“ ახალწვეულმა, დომინიკ საიმონმა გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე 19 წლის ნახევარმცველმა ნიკა სიხარულაშვილმა მეტოქეს შეცდომა არ აპატია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

მატჩის ბოლოს ორივე გუნდი კაცნაკლული დარჩა. 82-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა „სამგურალის“ ნახევარმცველს, ლუკა ხორხელს, რომელმაც მეტოქის უხეშობით უკმაყოფილება არ დამალა. 89-ე წუთზე კი მსაჯს მეორე ყვითელი ბარათის გამოყენება დასჭირდა, რომელიც „დინამოს“ მცველმა, გიორგი მაისურაძემ მიიღო.