თბილისში ყინულის სასახლე აშენდება - სპორტის სამინისტრომ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება - სპორტის სამინისტრომ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკ ტარდიფმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას საქართველოში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარების კუთხით.

კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იზრუნებენ საქართველოში ყინულის ჰოკეის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ქართველი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო ღონისძიებებში (შეჯიბრებები, შეკრებები, სემინარები და სხვ.) მონაწილეობის ხელშეწყობაზე.

ამას გარდა, თანამშრომლობის ფარგლებში, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია დაეხმარება საქართველოს ყინულის ჰოკეის სანაკრებო და საკლუბო დონეზე შემდგომი განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში, ყინულის ჰოკეისადმი ინტერესის გაზრდაში, ქართველი სპორტსმენების მაღალი დონის ინვენტარითა და ეკიპირებით მომარაგებაში – და რაც მთავარია, თანამედროვე ყინულის სასახლის აშენებაში რეკომენდაციებს გაუწევს…

„ფიგურული სრიალის ფედერაციამ ოლიმპიადაზე შესანიშნავი შედეგები აჩვენა, რაც დიდი შრომის შედეგია. ჰოკეის ფედერაცია მუშაობასა და ხარჯების განაწილებაში სამაგალითოა, ფაქტობრივად, არაფრიდან შედეგს მიაღწიეს და ზედა დივიზიონში დაწინაურდნენ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ზამთრის სახეობებს დახმარება სჭირდება და გადავწყვიტეთ, რომ დიღომში მდებარე ოლიმპიურ სოფელში ავაშენოთ ყინულის სასახლე,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით ქალბატონო მინისტრო, გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება. აქ ვიყავი 10 წლის წინ. ამ ათწლეულის შემდეგ, საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა იშრომა რომ ორგანიზაციის დონე აეწია. ახლა დროა კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისიც ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს ჩართულობის გამო კიდევ უფრო მტკიცედ გვჯერა, რომ ახლა თქვენ გვერდით უნდა ვიყოთ. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და თანამშრომლობა არ იქნება მხოლოდ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, ეს იქნება თანამშრომლობა და მეგობრობა და შეგიძლიათ მენდოთ, ქალბატონო მინისტრო“, – განაცხადა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა.