თბილისში უეფა-ს უსაფრთხოების სემინარი გაიმართა #1TVSPORT
თბილისში უეფა-ს უსაფრთხოების სემინარი გაიმართა #1TVSPORT

თბილისში უეფა-ს ორგანიზებითა და NFIP Network-ის მონაწილეობით უსაფრთხოების სემინარი დასრულდა, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მიეძღვნა.

სემინარი რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა. მათ შორის, სტიუარდებისა და შსს-ს წარმომადგენლებისთვის. ასევე გაიმართა მათი ერთობლივი წვრთნები, რაც ტურნირის პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს.

სემინარი მიზნად ისახავდა საფეხბურთო მატჩებზე ხალხის მასის უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოების და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადაჭრას და სფფ-სა და მისი პარტნიორებისთვის ტურნირისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერას. სემინარის დასრულების შემდეგ, კურსის მსმენელებს უეფა-ს სერტიფიკატები გადაეცათ.

თბილისში ჩატარებული სემინარის მუშაობაში უეფა-ს წარმომადგენლები ზელკო პავლიცა, სტეფენ ფურნჰემი, ფრანკ ვინველდი, ლუკაშ ნალევაი, ქეით ედი, კრის ბეიკერი, ვიქტორია ვონ დოდერერი, ჩანტალ ჰექტორსი, იუჯა კარაჯალაინენი, მარკ ოტენი, ზოლტ სიჩო, ბრიჯიტა მეიჯორი, შერონ კიკო და NFIP Network-ის ხელმძღვანელი, ადრიან დინკა მონაწილეობდნენ.

„უეფა-ს უსაფრთხოების სემინარი ახალი ინიციატივაა, რომელიც უეფა-სთან ერთად წელს დავიწყეთ. გასულ წელს, პარიზში, ჩემპიონათა ლიგის ფინალის დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საკლუბო და საერთაშორისო ტურნირებისთვის მზადების ფარგლებში მეტის გაკეთებაა საჭირო.

შესაბამისად, დავხვეწეთ და განვავითარეთ ჩვენი სემინარის პროგრამა, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში მივაწოდეთ მსმენელებს. პროგრამა რამდენიმე ელემენტს მოიცავდა. ერთი ელემენტი სტადიონის ტერიტორიაზე მომუშავე სტიუარდებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე პოლიციის წარმომადგენლებისთვის. ბოლოს ჩატარდა გაერთიანებული სემინარი, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ერთად მუშაობას ყოველთვის მოაქვს უკეთესი შედეგი”, – ამბობს უეფას უსაფთხოების ექსპერტი სტივენ ფარნჰემი.