თბილისში შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება #1TVSPORT

10:49, 30.09.2025

თბილისში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ხუთი მედალი გარანტირებული აქვს. „თბილისი არენას“ დარბაზში უფროსებს შორის მეოთხედფინალური ბრძოლებიდან სამში ქართველმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს, ხოლო ახალგაზრდებში ოთხიდან ერთმა მოიპოვა გამარჯვება. კიდევ ერთი სპორტსმენი, მარიამ თოფურია, ტურნირში ნახევარფინალიდან ერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ ბრინჯაო მასაც გარანტირებული აქვს.

უფროსებს შორის მიზანს მიაღწიეს მირზა გაჯიევმა (79,4 კგ), რომან ჩოჩიშვილმა (83,9 კგ) და გიორგი იმერლიშვილმა (+97 კგ). გაჯიევმა უზბეკ სარვარბეკ ჰასანოვს აჯობა, ჩოჩიშვილმა – ხორვატ იან გოისალიჩს, ხოლო იმერლიშვილმა – პოლონელ მარეკ ვლოდარჩიკს. რაც შეეხება ბექა შაინიძეს (65,8 კგ), ის უზბეკ ზაფარიონ ასატოვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

იუნიორებში ლექსო საბანაძემ (+97 კგ) მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. მან მძიმე წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში უკრაინელ ვოლოდიმირ შჩერბანს სძლია. ნახევარფინალში გასვლის შანსი დღეს კიდევ სამ ქართველ მებრძოლს – ლაშა ყაფლანიშვილს (56,7 კგ), თამაზ შავაძეს (56,7 კგ) და რამინ ფერაძეს (79,4 კგ) ჰქონდა, თუმცა სამივე მათგანი დამარცხდა. ყაფლანიშვილი და შავაძე ტაჯიკეთის წარმომადგენლებთან წააგეს, ფერაძე კი ფრანგი მეტოქის წინააღმდეგ დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ნახევარფინალური ბრძოლებით ხვალ გაგრძელდება, ხოლო დახურვის ცერემონია 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი