თბილისში მომხდარი დაჭრის საქმესთან დაკავშირებით, პოლიციას დეპუტატ კობა კობალაძის შვილი ჩაბარდა, შსს-მ საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა
თბილისში მომხდარი დაჭრის საქმესთან დაკავშირებით, პოლიციას დეპუტატ კობა კობალაძის შვილი ჩაბარდა, შსს-მ საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი დავით კობალაძე თბილისში მომხდარი დაჭრის საქმესთან დაკავშირებით პოლიციას ჩაბარდა.

კობა კობალაძემ მედიას განუცხადა, რომ შვილთან ერთად ისიც გამოცხადდა პოლიციაში.

„ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. მილიონი რაღაცაა მასზე აგორებული. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და რეალური, სამართლებრივი შეფასება მიეცემა. არავის ვაფარებთ ხელს. ბავშვი არის სპორტსმენი, ჯანმრთელი. არ ვიცი, გაერკვევიან. მას აქვს სიმართლის მხარე. თუ ვინმე იმას ცდილობს, რომ არჩევნებია და ნებისმიერი ქმედებით ბინძური თამაში მოახდინოს, ეს მისი პრობლემაა და ჩვენი არანაირად“, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას კობა კობალაძემ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა. შსს-ს განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. ამასთან, შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ორი პირი.

„2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი