თბილისში ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა #1TVSPORT
თბილისში ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია ფიბა-ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.

ბორდი დაკომპლექტებულია ევროპის კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტებითა და გენერალური მდივნებით, რომელთა შორის ასევე გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და ასევე იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტია.

დღეს, სასტუმრო „თბილისის მარიოტში“ გამართულ სხდომაზე განიხილეს ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ევრობასკეტი 2022. ხვალ კი, 4 დეკემბერს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ევრობასკეტი 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის პროცესის ადგილზე გაცნობა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ევრობასკეტი 2022-ის საორგანიზაციო პროცესის მონიტორინგის მიზნით.

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში და აღამსრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და ნდობის გამოცხადებას, ახალი მშენებარე დარბაზის მიმართ ინტერესს და ევრობასკეტი 2022-ის სამუშაო პროცესების მონიტორინგს.

gbf.ge