თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“ გაიმართება

14:02, 17.12.2018

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ გაიმართება.

კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

კონფერენციაზე, რომელიც 18-21 დეკემბერს გაიმართება, შეაფასებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას, წარმოადგენენ ახალ ინიციატივებს და განიხილავენ 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს.

კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით. განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციებს და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ადამიანური რესურსების მართვის, პროფესიული განვითარების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კრიზისული სიტუაციების მართვისა და სხვა მიმართულებებით.

„ელჩების კონფერენციის“ მონაწილეები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

„ელჩების კონფერენცია 2018“ 21 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრესკონფერენციით დასრულდება.

მსგავსი