თბილისში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
თბილისში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის – ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.