თბილისში ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია იმართება
თბილისში ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია იმართება

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 – 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პრეზენტაცია ევროპის საბჭოს (CoE) , ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით დაიგეგმა.

ღონისძიება გახსნეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა და ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროექტის პროგრამის კოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებიან საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის ექსპერტების მიერ, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.

სტრატეგიული გეგმა მოიცავს ადვოკატის პროფესიისა და ასოციაციის საქმიანობის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის განხორციელების შედეგად, ასოციაცია გადავა ინსტიტუციური განვითარების თვისობრივად ახალ საფეხურზე.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ასათიანმა განაცხადა, საჭიროა, გაძლიერდეს ადვოკატურის როლი მართლმსაჯულების სისტემაში, რაც საერთო ჯამში ნდობას დაუბრუნებს სასამართლო სისტემას.

„ჩვენი მიზანია ისეთი დონის ინსტიტუციურ განვითარებას მიაღწიოს ადვოკატთა კორპუსმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქეთა მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარება, ასევე გაძლიერდეს ადვოკატურის როლი მართლმსაჯულების სისტემაში, რაც საერთო ჯამში ნდობას დაუბრუნებს სასამართლო სისტემას და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვასა და მართლმსაჯულების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა დავით ასათიანმა.