თბილისში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე პარლამენტის საზედამხედველო როლის შესახებ კონფერენცია გაიხსნება
თბილისში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე პარლამენტის საზედამხედველო როლის შესახებ კონფერენცია გაიხსნება

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა“.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ადამიანის უფლებების მარეგულირებელ ნორმებსა და მათში ასახულ კონსტიტუციურ გარანტიებზე ისაუბრებს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი მუნხტუია ალთანგერელი და სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი ვლადიმირ შკოლნიკოვი.

კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი წესის მიხედვით საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ ისაუბრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში კომიტეტის როლსა და სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების იმპლემენტაციის მექანიზმებზე ისაუბრებს.

კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადამიანის უფლებების მიმართულებით პარლამენტის საზედამხედველო როლსა და იურიდიული კომიტეტის კაზუსზე გააკეთებს მოხსენებას.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების შემდეგ დაწესდა.

საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავს.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში 14:00 საათზე გაიხსნება.