თბილისში 17 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება - მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ნაკრებს შეხვდა [ფოტო]
თბილისში 17 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება - მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ნაკრებს შეხვდა [ფოტო]

11-18 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური აუზი 17 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მთავარი პრიზისთვის კონტინენტის 16 გუნდი იბრძოლებს.

მონაწილეთა შორისას საქართველოს ნაკრები, რომელსაც დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეხვდა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები „ბე“ ჯგუფში მოხვდა, სადაც ძლიერი მეტოქეები ჰყავს – მონტენეგრო, საბერძნეთი და რუმინეთი. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პირველ შეხვედრას 11 აგვისტოს რუმინეთთან 19:00 საათზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების თამაშებსა და ფინალურ დაპირისპირებას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„საქართველო წელს ქართველი სპორტსმენების წარმატებებითა და საერთაშორისო ტურნირებით განებივრებულია. ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოსთვის ნამდვილი საჩუქარია, რომლის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში ჩვენი სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული. იმედია, მომავალშიც ბევრ მსგავს ტურნირს ვუმასპინძლებთ. ჩვენი გუნდს კი ღირსეულად ასპარეზობასა და წარმატებებს ვუსურვებ“ – ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

ლაშა ალავიძე, საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანი: „ძალიან ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა – მონტენეგრო, საბერძნეთი და რუმინეთი, რომლებიც წყალბურთში გამორჩეული ქვეყნებია. მაგრამ კარგად ვემზადებით და იმედია, რომ 8 საუკეთესო ნაკრებში მოვხვდებით, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა“.

დავით რურუა, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი: „ზოგადად თვლიან, რომ საშინაო კედლები გუნდს წარმატებების მიღწევაში ეხმარება. მაგრამ ეს ზედმეტი ნერვიულობა და სტრესიც არის. ევროპის ჩემპიონატზე კი ჩვენ ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა. მაგრამ წარმატების მიღწევს თუ გვსურს, პირველივე შეხვედრა რუმინეთთან უნდა მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ“.