თბილისს ევროკავშირის სპორტულ ექსპერტთა მისია ეწვია
თბილისს ევროკავშირის სპორტულ ექსპერტთა მისია ეწვია

თბილისს ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) მექანიზმის ფარგლებში ექსპერტთა მისია ესტუმრა, რომლის მიზანია, მასობრივი სპორტის განვითარების სფეროში გამოცდილება საქართველოს გაუზიარონ.

ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს უფროსი ექსპერტი მალგორზატა ჟუკალსა-ვრონა და ევროკავშირში რუმინეთის მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელი, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი ატაშე ლუსიან მირჩესკუ.

შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები ქართველ პარტნიორებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ და დაინტერესებულ სუბიექტებთან ერთად საქართველოში მასობრივი სპორტის განვითარების მიმართულებით არსებულ ვითარებას შეისწავლიან, იმსჯელებენ მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტზე, ამის შემდეგ კი სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს რეკომენდაციის სახით ევროკავშირის ხედვას წარუდგენენ.

პოლონელმა და რუმინელმა ექსპერტებმა პირველი შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართეს, რომელსაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

„თქვენი ვიზიტი საქართველოში მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით ძალიან დროულია. მართალია, ამ კუთხით ჩვენც საკმაოდ დიდი გამოცდილება გაგვაჩნია. მაგალითად, კვირას საქართველოში მასობრივი სპორტის კვირეული დასრულდა, რომელშიც 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მაგრამ ჩვენთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება და თქვენი რჩევები მნიშვნელოვანია“ – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

მალგორზატა ჟუკალსა-ვრონას თქმით, მასობრივი სპორტის განვითარება ყველა ქვეყანაში პრიორიტეტულია.

„იმედი მაქვს, რომ ეს სამი დღე ნაყოფიერი იქნება და ქართველ მეგობრებს წინსვლაში დავეხმარებით. ამავე დროს, ქართული გამოცდილებაც გვაინტერესებს და მასაც გავეცნობით. ამ შეხვედრების მიზანი სპორტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაა“, – აღნიშნა პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს უფროსმა ექსპერტმა.