თბილისმა უეფა-ს მენეჯმენტის კურსს უმასპინძლა #1TVSPORT

17:35, 15.08.2025

თბილისში უეფა-ს სასწავლო კურსი – „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მესამედ უმასპინძლა.

ინგლისურენოვანი კურსი, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში (სფფ) ჩატარდა. პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება. კურსის გახსნაზე მონაწილეებს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და უეფა-ს პროგრამების მენეჯერმა, ალექსანდრა დანჩილამ მიმართეს.

პროგრამის პირველი ნაწილი ორი დღე გაგრძელდა და ლექციები უეფა-ს ექსპერტებმა წაიკითხეს. კურსში 30 მსურველი მონაწილეობდა, რომლებიც კლუბებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციებს წარმოადგენდნენ, ასევე იყვნენ CFM-ის ქართულენოვანი ვერსიის წარმატებული კურსდამთავრებულები და ევროპული ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის.

პროგრამის მონაწილეები სწავლობენ მსოფლიო ფეხბურთის მოწყობას, სტრატეგიული, ოპერაციული ღონისძიებებისა და მოხალისეების მართვას, საფეხბურთო მარკეტინგსა და სპონსორობას, კომუნიკაციებს, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას.

უეფა-სთან სასწავლო პროგრამის კურსის მეორე ნაწილი ონლაინრეჟიმში მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება, ხოლო დასკვნითი, მესამე მოდული კვლავ თბილისში 2026 წლის აპრილში შედგება.

მსგავსი