თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, დღემდე დაკითხული 72 მოწმის ჩვენებებიდან კალანდიას მიმართ შერაცხული ბრალი არ დასტურდება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მათი მცდელობის მიუხედავად, საქმეში ახალი სათადარიგო მოსამართლის ჩართვა ვერ მოხერხდა.

„საქმეს გააგრძელებს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც დაიწყო ეს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ნომენკლატურულად, ის გახდა ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარე. ეს ნიშნავს, რომ ევროპული სტანდარტებიდან გადახვევის მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ისევ ვართ ევროპულ სტანდარტებში.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 72 მოწმის ჩვენებებიდან არ დასტურდება შერაცხული ბრალის ირგვლივ რაიმე მონაწილეობა. წინა სხდომაზე დაკითხულმა მოწეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ მიხეილ კალანდია ნამდვილად იმყოფებოდა ხორავას N4-ში, მაგრამ მას არანირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული კონფლიქტში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.