თბილისის საქალაქო სასამართლოში მაჩალიკაშვილების სარჩელზე განხილვა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაჩალიკაშვილების სარჩელზე განხილვა გაიმართა

პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სუს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის უჩივიან და მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 ათას ლარს ითხოვენ. აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართა.

როგორც სხდომის დაწყებამდე მაჩალიკაშვილების ინტერესების დამცველმა დავით ვერძულმა განაცხადა, მათ საქმეზე აქვთ სხვადასხვა მტკიცებულებები, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაცია, სადაც სპეცოპერაციის შემდეგ მაჩალიკაშვილების რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა ასახული.

სხდომაზე განცხადება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა და სპეცოპერაციის დღე დეტალურად გაიხსენა.

„ჩემს ოჯახში სპეცრაზმს კი არა, უბნის ინსპექტორსაც ვერ წარმოვიდგენდი. მკვლელობაზე მეტად ჩემი ოჯახისთვის ის უფრო მძიმეა, რომ ჩემი შვილი ტერორიზმში დაადანაშაულეს.

მე იმით ვარ ამაყი, რომ არც ტერორისტებს და არც ნარკომანებს არ ვზრდი. რომ შეატყვეს, ყველა ფეხზე დადგა, სუს-მა გადაწყვიტა, ყველაფერი დაემალა.

ამ ყველაფრის შემდეგ, მე დამნაშავე პირების დასჯას ვითხოვდი. ჩემს ტრადიციებსა და ყველაფერს ვუღალატე, რადგან საქართველოს სიყვარული მაქვს, თუმცა კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს. მაგრამ ყურადღებას ქართველი ერი მაქცევს. ყველაზე ცუდი კიდევ ის არის, როგორ ცდილობენ ჩემს პროვოკაციაზე წამოგებას“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 15 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.