თბილისის საქალაქო სასამართლოში ინციდენტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ინციდენტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ბ.

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, 1995 წელს დაბადებულმა ლ.ბ.-მ სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა.

მანდატურებმა ლ.ბ. სასამართლოს ეზოში შეაჩერეს. აღნიშნული პირი პოლიციამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გადაიყვანა“, – აცხადებენ შსს.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.