თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

თბილისის საკრებულოში ცოტა ხნის წინ კვლავ ხმაური იყო. ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე საკრებულოს შენობის ფოიეში მივიდნენ და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

მათი თქმით, სურდათ, გიორგი ტყემალაძისგან მოესმინათ პასუხი, რატომ არ ატოვებინებს ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს.

„ამათი გადასაწყვეტი არ არის, ერეკლე კუხიანიძე დატოვებს თუ არა თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ და როცა მივიღებთ, გაიგებენ მაშინ. ამათი გასაგდები არავინ არის. ამათი გაგდებები დამთავრდა, წერტილი“, – განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.

დავითულიანის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ემიჯნება. დავითულიანი ამბობს, რომ კუხიანიძის განცხადებაზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებენ.