თბილისის საერთაშორისო ტურნირი გოლფში 16 წლის ესტონელმა მოიგო #1TVSPORT
თბილისის საერთაშორისო ტურნირი გოლფში 16 წლის ესტონელმა მოიგო #1TVSPORT

22-24 ოქტომბერს საქართველოს გოლფის ფედერაციის და „თბილისი ჰილსის“ ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „თბილისი ჰილს ტროფი“.

მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე მოყვარული სპორტსმენები, ქალები და მამაკაცები – საქართველოდან, ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან, სამხრეთ კორეიდან.

ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოში ჩატარებული სხვა შეჯიბრებებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მონაწილეებმა მსოფლიო მოყვარულთა რეიტინგის ქულები მიიღეს.

გამარჯვებული ყველასთვის მოულოდნელად, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, 16 წლის ესტონელი რალფ კივი გახდა, რომელიც, ისევე როგორც ტურნირის სხვა გამორჩეული მონაწილეები, ორგანიზატორებმა საგანგებო პრიზებით დააჯილდოვეს.

„თბილისში შვიდი ქვეყნიდან საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. მიხარია, რომ გაიმარჯვა 16 წლის ესტონელმა ბიჭმა, რომელიც პერესპექტიული მოთამაშე ჩანს. ბოლო დროს, საქართველო გოლფში გააქტიურდა, უფროდაუფრო პოპულარული ხდება და იმედი გვაქვს, რომ ხალხი სპორტის ამ შესანიშნავ სახეობაში უფრო მასობრივად ჩაერთვება“, – ამბობს თბილისის გოლფ კლუბის დირექტორი პილ პიხი.

მიხეილ ძაძამია, საქართველოს გოლფის ფედერაციის გენერალური მდივანი:

„საქართველოს გოლფის ფედერაცია 2007 წლიდან არსებობს და ევროპული ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია. ეპიდმდგომარეობის გამო რთული წარმოსადგენი იყო, რომ ამდენ მონაწილეს მოვიზიდავდით, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მოვახერხეთ და ტურნირის დონითაც კმაყოფილი ვარ. ნოემბერში საქართველოს ღია ჩემპიონატის გამართვას ვგეგმავთ, სადაც უცხოელი მონაწილეებიც გვეყოლება“.

დატოვე კომენტარი