თბილისის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში საქართველომ იორდანია დაამარცხა და ფინალში მონტენეგროს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ჯვაროსნებმა“ თბილისის საერთაშორისო თასზე იორდანიის ნაკრებს 86:69 სძლიეს.
მატჩის წინა დღეს ჩვენი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ აღნიშნა, რომ საკონტროლო თამაშებში წაგებების შემდეგ მოგების დრო იყო, მით უმეტეს, თბილისში, ქართველი გულშემატკივრის წინაშე. გამარჯვება გუნდს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან სჭირდებოდა.
თოკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გუნდი უფრო და უფრო სწრაფ კალათბურთს თამაშობს და კალათბურთელები უკეთესად ურთიერთქმედებენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
ეს ყველაფერი იორდანიასთან მატჩში დავინახეთ. დაცვაში საქართველოს ნაკრებს, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მეტი აგრესია ეტყობოდა, მეტოქეს მოედნის მთელ პერიმეტრზე ხისტად ეთამაშებოდა. შედეგად, იორდანიელებს თამაში არც პერიმეტრიდან მისდიოდათ, არც ფარქვეშიდან. მაღალ ტემპში თამაშსაც ვერ ახერხებდნენ, ხოლო თამაშის პირველი ტაიმი ისე მიიწურა, ერთი სამქულიანი ვერ ჩააგდეს (9 მცდელობიდან).
აგრესიულ დაცვას დიდი ენერგია მიაქვს, თუმცა სწორედ ამისთვისაა საჭირო შემადგენლობის ხშირი როტაცია. ჩვენი გუნდის მწვრთნელი ილიას ზუროსი ხშირად ცვლიდა შემადგენლობას. რაც მთავარია, ყველა ფორმაცია ამართლებდა.
კიდევ ორი ნიუანსი, რითიც „ჯვაროსნების“ თამაში წინა საკონტროლო მატჩებისგან განსხვავდებოდა – სისწრაფე და სამქულიანები. 30 წუთში მასპინძლებს 8 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული (19-დან). ამ კომპონენტში ტანმაღალი კალათბურთელებიც გამოირჩეოდნენ. სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც მეტად თავისუფლად თამაშობდა, ჯამში 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სისწრაფეს – იორდანიასთან ჩვენს კალათბურთელებს ბურთი მეტოქის ნახევარზე დინჯად აღარ გადაჰქონდათ. მაღალ ტემპში ცდილობდნენ შეტევას, რაშიც ფორვარდ-გამთამაშებელი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ამიტომაც ჰქონდა ჩვენს ნაკრებში ყველაზე მეტი, 6 პასი. როდესაც გუნდი მაღალ ტემპში თამაშობს, მეტოქეს დაცვაში დალაგება უჭირს, ქართველებმა სწრაფი გარღვევებითაც არაერთი ქულა მოიპოვეს და ბურთიც არაერთხელ დაატრიალეს ეფექტურად, რაც აქამდე ჩვენი კალათბურთელების შესრულებით ხშირად არ გვინახავს.
იორდანიასთან გამარჯვებით ჩვენმა მოთამაშეებმაც გაიხარეს და გულშემატკივარსაც ბევრი დადებითი ემოცია მიანიჭეს, თუმცა ასეთი ლაღი თამაში, შესაძლოა, მეტოქის ძალის გათვალისწინებით ვიხილეთ. საინტერესოა, როგორ იმუშავებს მწვრთნელის ტაქტიკა გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ამის სანახავად მოცდა დიდი ხნით არ მოგვიწევს – 13 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველო ვუჩევიჩით გაძლიერებულ მონტენეგროს დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე იხილავთ.