თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა გადაიდო
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა გადაიდო. მიზეზი სხდომაზე ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის გამოუცხადებლობა გახდა, რომელიც ადეიშვილს აღარ დაიცავს.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა მსჯავრდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებს, რომელთა თანახმადაც, ნიკანორ მელიას მხარე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ბრალდების მხარე ვითხოვთ ნიკანორ მელიას გამტყუნებას 205-ე პრიმა მუხლით, რაც ნიშნავს ქონების გადამალვაში დახმარებას. შესაბამისად, დღევანდელ სასამართლო პროცესზე განვიხილეთ პროცედურული საკითხები. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილის მხარე არ გამოცხადდა სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არის ძებნილი, მას სავალდებულო წესით უნდა დაენიშნოს ადვოკატი. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ ზურაბ ადეიშვილს დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამის შემდეგ, გაგრძელდება მომავალ პროცესზე საქმის განხილვა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ნიკანორ მელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამტყუნებულია სამოხელეო დანაშაულში, რაც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ხოლო ის გამართლებულია ქონების გადამალვის დახმარებაში. სწორედ მეორე მუხლში, რომელიც არის 205 პრიმა მუხლი, ვითხოვთ გამტყუნებას და ეს არის ჩვენი სააპელაციო საჩივრის საფუძველი“, – განაცხადა პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 13 თებერვალს მიმართა.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას ჯარიმა და ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. სსკ-ის 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო ნიკა მელიას 25 000-ლარიანი გირაო.