თბილისის „მერანს“ დარასელია გაწვრთნის
თბილისის „მერანს“ დარასელია გაწვრთნის
ეროვნული ლიგის დებიუტანტ თბილისის „მერანს“ გიორგი დარასელია გაწვრთნის.
ეს საქართველოს პირველ არხთან ავთანდილ შენგელიამ განაცხადა, რომლის ხელმძღვანელობითაც ოთხი წლის წინ დაარსებულმა „მერანმა“ დიდი პროგრესი განიცადა და მთავარ ქართულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ ოფიციალურად მთავარ მნწვრთნელად მუშაობის უფლება უეფას მას შესაბამისი ლიცენზიის არქონის გამო არ გააჩნია.
„ეროვნულ ლიგაში მოთხოვნები გამკაცრებულია და პროფლიცენზიის გარეშე მთავარ მწვრთნელად ვერ ვიმუშავებ. მე კი ჯერ პროფლიცენზია არ ამიღია. ამიტომ გადაწყდა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს ოფიციალურად გიორგი დარასელია გაწვრთნის, რომელსაც შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზია აქვს. მე „მერანს“ დარასელიასთან ერთად ვავარჯიშებ და სათადარიგოთა სკამზე მასთან ერთად ვიჯდები“ – ამბობს ავთანდილ შენგელია.
გიორგი დარასელია საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. კარიერის შემდეგ ავარჯიშებდა საქართველოს, ისრაელისა და რუსეთის კლუბებს – არის როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის მოქალაქე. ბოლო დრომდე, ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდის, „ბნეი სახნინის“ მთავარი მწვრთნელი იყო.