თბილისის „მერანი“ იტალიური მედიის ბრალდებებზე - დაუფიქრებლად ხელს ჩვენსკენ ნუ გამოიშვერთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ
თბილისის „მერანი“ იტალიური მედიის ბრალდებებზე - დაუფიქრებლად ხელს ჩვენსკენ ნუ გამოიშვერთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ

ვიარეჯოს პრესტიჟულ ტურნირზე თბილისის „მერანის“ ახალგაზრდულმა გუნდმა იტალიაში მიმდინარე ტურნირზე სამივე შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო – იტალიურ ტორინოსთან 1:7, ბრაზილიურ ატლეტიკო პარანაენსესთან 1:4 და იტალიურ რიეტისთან 1:5.

თბილისელთა გამოსვლას იტალიაში სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა. „ფედერბეთზე“ დაყრდნობით, გამოცემა agimeg.it წერდა, რომ დიდი ოდენობით თანხები ქართული გუნდის ჰანდიკაპით წაგებაზე დაიდო.

საფეხბურთო კლუბი „მერანი თბილისი“ და მისი ხელმძღვანელობა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურ გვერდზე წერილით გამოეხმაურა.

„კითხვები გაჩნდა ჩვენი გუნდის, „ნორჩი დინამოს“ დიდი ანგარიშით წაგებების გამო. მაგრამ სანამ ვინმეს ეჭვები გაუჩნდება, აჯობებს, რომ რეალურ მიზეზებში გავერკვეთ. წაგება კი მრავალმა ფაქტორმა განაპირობა.

1. ძლიერი გუნდი არ გვყავს, რაზეც საქართველოს ასაკობრივ ტურნირებზე ჩვენი შედეგები მეტყველებს, მაგრამ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გვყავს და იტალიაში წასვლითა და საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლით გვსურდა, რომ მათთვის თავის გამოჩენის შანსი მიგვეცა, რადგან ვიარეჯოს ტურნირზე არაერთი სელექციონერი დადის. ამავე დროს, თამაში საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად გვსურდა.

2. იტალიაში დროულად ჩაფრენა ვერ შევძელით, რადგან ბილეთების პრობლემა შეიქმნა. ტრანზიტით გამგზავრება მოგვიხდა, თურქეთში 6 საათი გავჩერდით და ვიარეჯოში მხოლოდ თამაშის წინა დღეს ჩავედით. სულ გზაში 14 საათი დაგვჭირდა. ამან მოთამაშეთა ფიზიკურ მდგომარეობასა და თამაშის ხარისხზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

3. საღამოს ჩასულებმა მეორე დილით ვითამაშეთ იტალიურ „ტორინოსთან“, რომელიც მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი გუნდი აღმოჩნდა. ცნობისთვის, ეს გუნდი იტალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ლიდერებშია. მათ ტურნირზე „ტორინოს“ მთავარი გუნდის სამი ფეხბურთელი დაიმატეს. ამ ყველაფერმა საბოლოოდ განაპირობა ჩვენთვსი არასასურველი შედეგი 1:7.

4. ბრაზილიური „ატლეტიკო პარანაენსე“ „ტორინოზე“ უკეთესი გუნდი იყო, რომელიც ბრაზილიაში ფეხბურთელების საუკეთესო აკადემიითაა ცნობილი. მისი გაზრდილებიდან მხოლოდ ერთს დავასახელებთ – „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე ფერნანდიონიოს. მათთან პირველი ტაიმში ფეხბურთელი გაგვიგდეს და ყველაფრის გათვალისწინებით, 1:4 კიდევ კარგი შედეგია იყო.

5. ბოლო მატჩი იტალიურ „რიეტისთან“ 1:5 წავაგეთ, რადგან თამაშის საშუალება ყველას მივეცით, მათ შორის, 1 და 2 წლით უმცროსებსაც.

6. რატომ წავაგეთ ასეთი ანგარიშებით? „ფედერბეთის“ წარმომადგენელის, ფრანჩესკო ბარანკას განცხადებით, ამ მატჩებში „ნორჩი დინამოს“ ჰანდიკაპით წაგებაზე ანომალიურად დიდი თანხები დაიდო.

„თბილისური გუნდის მატჩებამდე და მატჩების დროსაც ჰანდიკაპით მათ წაგებაზე საკმაოდ მსხვილი ფსონები დაფიქსირდა. ზოგადად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან გვაქვს საქმე, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მომენტი – დიდი ფსონები იმაზე დაიდო, რომ „ნორჩი დინამო“ გოლს მატჩების ბოლო წუთებზე გაუშვებდა. თანხები იმდენად მაღალი იყო, რომ კოეფიციენტებიც კი საშუალოდ, 2,5-დან 1,4-მდე დაიწია”, – აცხადებს „ფედერბეთის“ წარმომადგენელი ფრანჩესკო ბარანკა.

მაგრამ ის აფიქსირებს ფაქტს, რომ მსხვილი ფსონები დაფიქსირდა. ამავე დროს, გარკვევით ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან გვაქვს საქმე. მაგრამ სულაც არ ამბობს, რომ ეს მატჩი გარიგებული იყო. ეს ორი ფრაზა კი სხვადასხვა შინაარსისაა.

7. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი „რიეტის“ ახალგაზრდული გუნდების ხელმძღვანელმა ჯანფრანკო მანჩინიმ გააკეთა: „არც კი ვიცოდი, რომ ამ თამაშებზე თანხის დადება შესაძლებელი თუ იყო. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ქართული გუნდი იმდენად სუსტი იყო, რომ ვინმესგან მათ მიერ გოლის გაშვება გასაკვირი არ იყო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს”.

ტორინოს“ მენეჯერი ლუჩანო ფრენსისი გამოცემა iL Tirreno- სთან ამბობს: „მომხდარში საეჭვოს ვერაფერს ვხედავ“.

8. ეს ტურნირი ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელიც იყო და მოგვეცა საშუალება გაგვეანალიზებინა, რა სხვაობაა ჩვენსა და მსოფლიო ფეხბურთს შორის. მაგრამ ეს სხვაობა რომ არის, მოდით, ამას „ნორჩ დინამოს“ ნუ დავაბრალებთ – ეს სამწუხარო რეალობაა. აქვე ვიტყვით, რომ ვიარეჟოს ტურნირზე ქართულ გუნდებს ადრეც უთმაშიათ და 0:6 წაუგიათ, მაგრამ ეს კლასში ობიექტურ სხვაობას მიაწერეს და არა – გარიგებას.

9. ეს აჟიოტაჟი გადაივლის და ჩვენი სიმართლე დამტკიცდება, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა მთავარი დაიჩრდილა – ასეთი გამოსვლის მიუხედავად, ჩვენი ორი მოთამაშით იტალიური კლუბები დაინტერესდნენ. ლაპარაკია ცოტნე ჩიქოვანსა და ლუკა თოლორდავაზე. მათ მიმართ ინტერესი სერია ბ-ს და სერია ც-ს გუნდებმა გამოხატეს. ჩვენი იტალიაში წასვლა თუნდაც ამის გამო იყო გამართლებული.

10. მცირე ხნის წინ, თურქეთში 5 ქართველი მოთამაშე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. სამწუხაროდ, მაშინაც ბევრმა იჩქარა და დაიჯერა, რომ ქართველი ახალგაზრდები დამნაშავეები იყვნენ, მაგრამ სასამართლომ აბსოლუტურად ყველა მათგანი გაათავისუფლა.

ახლაც ჩვენი თხოვნა იქნება – საქმეში ჩაუხედავად ნუ დაიჯერებთ, რომ ქართველი ყველაფერში დამნაშავეა. სამწუხაროდ, ჩვენი საფეხბურთო დონით იტალიაში ვერაფერს გავხდით, მაგრამ დაუფიქრებლად ხელს ჩვენსკენ ნუ გამოიშვერთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ” – წერია „მერანის“ განცხადებაში.