თბილისის „ლოკომოტივსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით, თბილისის „ლოკომოტივმა“ თავდაცვის უწყებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ შეღავათებს სპორტული კუთხითაც შესთავაზებს.

„ლოკომოტივსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, თბილისური კლუბის აკადემიაში 33%-იანი ფასდაკლებით ივარჯიშებენ სამხედროების ექვსიდან ცხრა წლამდე შვილები.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერის დროს მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა პარტნიორ ორგანიზაციებს მაღალი სამოქალაქო შეგნებისა და ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისა და დაფასების პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ჩვენი სამხედროების მხარდაჭერა სოლიდარობის გამოხატულება და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კარგი მაგალითია.