თბილისის „ლოკომოტივი“ ძველ არენაზე ბრუნდება #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ ძველ არენაზე ბრუნდება #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ თავის ისტორიულ არენაზე, „მიხეილ მესხი 2“-ზე ბრუნდება, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„სეზონის განახლების შემდეგ „ლოკომოტივი“ ყველა საშინაო შეხვედრას მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართავს. ეროვნულ ლიგა 2-ში „ლოკო“ სეზონს ბოლნისის „სიონთან“ მატჩით გახსნის, რომელიც „მესხი 2“-ზე 3 აგვისტოს შედგება. მანამდე თბილისური გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს.

„მიხეილ მესხი“ თავიდან „ლოკომოტივის“ სტადიონად იწოდებოდა, მაგრამ 2021 წლიდან გუნდი საგურამოს ბაზაზე გადავიდა, ხოლო 2023 წლის სეზონში საშინაო შეხვედრებს დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ატარებდა.

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, რეზო გოცირიძემ გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„შეკრებაზე საკმაოდ დიდი დატვირთვები გვქონდა და ფეხბურთელებმა ამას თავი საკმაოდ კარგად გაართვეს. ყველამ გულით იშრომა და ამ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლომდე დაიხარჯნენ. ამ პერიოდში ხუთი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, სამი მოვიგეთ და ორი წავაგეთ. პირველი თამაში თასზე ეროვნული ლიგის „შუქურასთან“ გვაქვს, რომელიც გამოცდილი გუნდია და რთულ თამაშს ველოდებით“, – ამბობს რეზო გოცირიძე.

„ლოკომოტივში“ იჯარით „თელავის“ მეკარე ლევან თანდილაშვილი ითამაშებს, რომელიც ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. 20 წლის მეკარე, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში 14-ჯერ დაიცვა კახური გუნდის კარი, წლის ბოლომდე თბილისის გუნდში იჯარით გადავიდა. მიზეზი ისაა, რომ „თელავში“ 37 წლის გამოცდილი დავიდ იურჩენკო დაიმატეს, რომელიც სომხეთის ნაკრების კიპერია.

„ლოკომოტივი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16-ფინალში ქობულეთის „შუქურას“ 22 ივლისს უმასპინძლებს. მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე 18:30 საათზე დაიწყება.