თბილისის „იბერიის“ მწვრთნელი ლევან კორღალიძე – „მალმე“ ძლიერი, სწრაფი და მობილური გუნდია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ „მალმესთან“ მატჩის წინ თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„მოსამზადებელი ეტაპით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბულგარეთში ბევრი ისეთი რამ დავგეგმეთ და განვახორციელეთ, რაც ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში გამოგვადგება.
რაც შეეხება სელექციას, მწვრთნელი, რომელიც იტყვის, რომ მას სრულად აკმაყოფილებს სელექცია, ტყუის, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რომ ლეგიონერებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტაცია.
ივა გელაშვილის მომავალთან დაკავშირებით ჯერ რამის თქმა რთულია, ახლა ჩვენთანაა და გუნდთან ერთად ემზადება. მისი აქ ყოფნა ძალიან გვიხარია.
ბუნებრივია, საქართველოს სუპერთასზე გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ არ დაგიმალავთ – ცალი თვალით ევროთასებისკენ ვიყურებოდით და შესაძლოა, ეს გარკვეულწილად ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
გამიხარდება, თუ თბილისური კლიმატი ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებს, თუმცა მატჩი საღამოს 8 საათზეა და არ ვფიქრობ, ამინდი მხოლოდ ჩვენთვის იყოს მისაღები.
მინდა, გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მივმართო – აუცილებლად მოდით და მხარი დაგვიჭირეთ. თქვენი მხარდაჭერა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია.
რაც შეეხება „მალმეს“, ამბობენ, რომ სამი ცენტრალური მცველი აკლიათ. მაგრამ დამერწმუნეთ, შვედები მცველების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდიან. სულ ახლახან კიდევ ერთი მცველი შეიძინეს. ვუყურეთ მათ ბოლო შეხვედრას და ნათელია, რომ აქვთ რესურსი, ნებისმიერი პოზიცია შეავსონ.
„მალმე“ შვედეთის ჩემპიონია. მართალია, წელს იდეალურ ფორმაში არ არიან და გარკვეული მინუსებიც აქვთ, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი და მობილური გუნდია, ხშირად ცვლიან სათამაშო სქემას. შარშანდელთან შედარებით დიდ ცვლილებებს ვერ ვხედავ. რატომ არიან მეხუთე ადგილზე, ზუსტად ვერ გეტყვით.
მათი მწვრთნელი ამბობს, რომ შარშან ბურთით უფრო დომინირებდნენ, მე კი ის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს გუნდი სისწრაფესა და მობილურობაზე აკეთებს აქცენტს, დაცვიდან შეტევაში კარგად გადადის“, – განაცხადა კორღალიძემ.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია“ შვედეთის ჩემპიონ „მალმეს“ 8 ივლისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.