თბილისის „იბერიის“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე - „მალმესთან“ პირველ მატჩში უფრო თამამები უნდა ვყოფილიყავით #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალძემ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმესთან“ განმეორებით შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, მოტივირებულები ვართ, რადგან თბილისში წაგების შემდეგ რეაბილიტაცია გვჭირდება. დასანანი მარცხი იყო, მაგრამ მაინც მგონია, რომ „მალმესთან“ პირველ მატჩში 1:3 წაგება რეალობას არ ასახავს — ჩვენც გვქონდა რეალური შანსები.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით. თუმცა ხასიათიც ვერ ვაჩვენეთ. ყველანაირად შევეცდებით, ეს გამოვასწოროთ. მეტი გვმართებს – უფრო თამამები უნდა ვყოფილიყავით, ეს შეხვედრის ანალიზის დროს კარგად გამოჩნდა. ამიტომ უნდა შევძლოთ ის, რაც პირველ თამაშში დაგვაკლდა“, – განაცხადა ლევან კორღალძემ.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „მალმესა“ და „იბერიას“ შორის თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.