თბილისის „იბერიის“ ხელმძღვანელობა „ლარნის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ფეხბურთელებს პრემიას გადაუხდის #1TVSPORT
ევროპის ლიგაზე ჩრდილოეთირლანდიური „ლარნის“ და შემდეგი ბარიერის გავლის შემთხვევაში „იბერიას“ წევრები 3 მილიონ ლარს მიიღებენ, – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
ჩემპიონთა ლიგაზე „ფლორასთან“ მოგების შემდეგ „იბერია“ გუნდის წევრებს პრემიის სახით 500 ათას ლარს დაჰპირდა. ესტონური ბარიერის გადალახვის შემდეგ კი ხელმძღვანელობამ თანხა ფეხბურთელებს ისე დაურიცხა, რომ უეფა-ს მიერ ევროტურნირზე მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის ჩარიცხვას არ დალოდებია.
ახლაც, ჩრდილოეთირლანდიელებთან შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „იბერიის“ მენეჯმენტის მიზანია, გუნდის წევრებს მოტივაცია კიდევ უფრო გაუზარდოს. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე „ლარნის“ დამარცხების შემთხვევაში გუნდი 1,5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო მეოთხე ეტაპის მოგების შემთხვევაში – დამატებით 1,5 მილიონს. ქართულ გუნდებს მსგავსი ოდენობის პრემია აქამდე არასდროს მიუღიათ.
„იბერია“ ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელს 11 აგვისტოს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მოგების შემთხვევაში „იბერია“ ევროპის ლიგის პლეიოფში გავა და კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ოფიციალურად მოიპოვებს.