თბილისის „იბერია“ თურქულ შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში ალმათის „ქაირათს“ შეხვდა და ყაზახეთის ჩემპიონი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
ანთალიაში ერთმანეთს ორი ქვეყნის ჩემპიონი დაუპირისპირდა – დასრულებული სეზონი, „იბერიას“ მსგავსად, „ქაირათმაც“ ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ლევან კორღალიძის გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონს ირაკლი სიხარულიძის მიერ მატჩის მიწრულს გატანილი გოლით აჯობა.
ყაზახური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ზარია იყო, ლუკა გადრანი კი ტრავმირებულია და რეაბილიტაციის კურსს ასრულებს, მოედანს კი, სავარაუდოდ, რამენიმე დღეში დაუბრუნდება.
„იბერია“ შემდეგ შეხვედრას 8 თებერვალს კოვალივკას „კოლოსთან“ გამართავს. „ქაირათი“ კი ამავე დღეს კიდევ ერთ ქართულ გუნდს, წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.