თბილისის „იბერიამ“ ნიგერიელი ახალწვეული წარადგინა #1TVSPORT

00:17, 04.07.2026

საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე მორიგი ახალწვეული – იბრაჰიმ ალჰასანი წარადგინა.

ნიგერიელი ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, ქართულ გუნდს პორტუგალიური „ლუსიტანიიდან“ შეუერთდა.

ალჰასანს ნიგერიის ეროვნული ნაკრების მაისურით ორჯერ უთამაშია. პირველად ეს 2018 წელს მოხდა, თუმცა მოგვიანებით მძიმე ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა. მეორე შეხვედრა კი მან წელს, 26 მაისს ზიმბაბვეს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და შეუცვლელად ითამაშა.

კარიერის განმავლობაში იბრაჰიმს მოურგია პორტუგალიური „ლეიოშეშისა“ და „ნასიონალის“, ბელგიური „ბეერსხოტ-ვილრეიკისა“ და ვენის „აუსტრიის“ მაისურები.

ნიგერიელი ახალწვეული გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში დაეხმარება, რომლებსაც თბილისელები ტალინის „ფლორას“ წინააღმდეგ გამართავენ. პირველ შეხვედრა 8 ივლისს ტალინში შედგება, ხოლო საპასუხო 14 ივლისს – თბილისში.

მსგავსი