თბილისის „იბერიამ“ „გაგრა“ დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ „გაგრა“ დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT

თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „გაგრა“ 2:1 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებამდე თბილისელების კონკურენტმა ქუთაისის „ტორპედომ“ თამაში წააგო და „იბერიას“ ჩემპიონობისთვის მხოლოდ ქულის მოპოვება სჭირდებოდა. „გაგრას“ კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოგება აძლევდა ხელს.

თამაში თბილისელებისთვის არასასურველი სცენარით დაიწყო. „გაგრამ“ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და მე-15 წუთზე ზურაბ ჭავჭანიძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა.

შესვენების შემდეგ ლევან კორღალიძემ შეცვლა გამოიცნო. მატჩის გმირი გიზი მამაგეიშვილი გახდა, რომელმაც 50-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, 84-ე წუთზე კი მისი გადაცემით შეიკნე სილამ „იბერია“ დააწინაურა.

35 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 74 ქულა დააგროვა, ქუთაისის „ტორპედო“ (67 ქულა) და გორის „დილა“ (65) ვეღარ დაეწევიან და 2018 წლის შემდეგ, მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

რაც შეეხება „გაგრას“, გუნდი 35 ქულით მე-8 ადგილზეა, ანუ პლეი აუტის ზონაში და ბოლო ტურამდე ლიგაში პირდაპირი გზით ადგილის შენარჩუნების შანსს ინარჩუნებს.