თბილისის „იბერია“ სლოვენიელ ნახევარმცველს იმატებს #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ სლოვენიელ ნახევარმცველს იმატებს #1TVSPORT

თბილისის „იბერია“ შვედურ „მალმიოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე კიდევ ერთ ლეგიონერს, სლოვენიელ მატიჩ ვრბანეცს დაიმატებს – ინფორმაციას სლოვენიური ტელეკომპანია sport tv-ის ვებგვერდი ავრცელებს.

„მატიჩ ვრბანეცმა 2024 წლის სექტემბერში „მურასთან“ კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ახლა საქართველოში მიემგზავრება – ის კარიერას საქართველოს ჩემპიონ „იბერია 1999“-ში გააგრძელებს, რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ვრბანეცს „მურასთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს დაუსრულდა. კლუბის ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელმა შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს, მაგრამ ფეხბურთელს ახალი გამოწვევები სურდა. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ და ვრბანეცი საქართველოში გადავა, „მურა“ კი მისი ტრანსფერისთვის შესაბამის კომპენსაციას მიიღებს“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.

ვრბანეცი სლოვენიურ კლუბებში, „ალიუმინსა“ და „ცელიეში“ თამაშობდა, 2024 წლიდან კი „მურაში“ გადავიდა. სულ სლოვენიის პირველ ლიგაში 244 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ის სლოვენიის 19 და 21-წლამდელების ნაკრებების წევრი იყო. გასულ სეზონში ვრბანეცმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „იბერიამ“ ორი ახალწვეული, 24 წლის კოტ დ’იუვარის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი არმელ ზოჰური და 28 წლის სერბი ცენტრალური თავდამსხმელი ანეს რუშევიჩი დაიმატა.