თბილისის „იბერია“ კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის სადებიუტო შეხვედრაში „სენტ-ტრუიდენთან“ დამარცხდა #1TVSPORT

00:55, 16.10.2026

თბილისის „იბერიამ“ კონფერენსლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ბელგიაში, „სენტ-ტრუიდენთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა.

ტურნირის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირებაში მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას ფლობდნენ. მართალია, „სენტ-ტრუიდენს“ მე-4 წუთზე იშივატარის გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ ვანვესემაელმა მე-11 წუთზე ანგარიში მაინც გახსნა.

„იბერია“ მეტოქის ნახევარზე გადასვლას იშვიათად ახერხებდა და სახიფათო მომენტებსაც, ფაქტობრივად, ვერ ქმნიდა. საქართველოს ჩემპიონისთვის რთული აღმოჩნდა ევროტურნირის ტემპში თამაში. ბელგიელები ორთაბრძოლებსაც იოლად იგებდნენ, უფრო სწრაფებიც იყვნენ და ბურთის ფლობაშიც უპირატესობა ჰქონდათ.

მეორე ტაიმში „იბერიამ“ უფრო თამამად შეუტია – ანგარიშის გათანაბრება უშედეგოდ სცადეს სიხარულაშვილმა, ჯინჯოლავამ და ენდემ. ბელგიელებმა კი 89-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანეს – სებაუიმ კარიდან წინ გამოსული მეკარე მაკარიძე შენიშნა და დაახლოებით 50 მეტრიდან გაუტანა.

„იბერია“ კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრას შინ 22 ოქტომბერს გამართავს – საქართველოს ჩემპიონი „მიხეილ მესხზე“ „მიალბის“ უმასპინძლებს.

მსგავსი