თბილისის „იბერია“ ბრატისლავაში ემზადება – ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი შესაძლო მეტოქის ვინაობა გაიგო #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანის“ დამარცხების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიის“ მეტოქე შვედური „მიალბი“ იქნება, რომელმაც გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპსი“ დამაჯერებლად დაამარცხა.
შვედურმა გუნდმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 3:0 მოიგო, განმეორებით დაპირისპირებაში კი სასწაული არ მომხდარა – გიბრალტარის ჩემპიონთან შეხვედრა 0:0 დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ბრატისლავის „სლოვანსა“ და თბილისის „იბერიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 4 და 5 აგვისტოს არის დაგეგმილი, ხოლო განმეორებითი – 11 აგვისტოს.
„სლოვანისა“ და თბილისის „იბერიის“ წყვილში დამარცხებული გუნდი (პირველი მატჩი სლოვაკებმა თბილისში 2:0 მოიგეს) გამოსვლას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს და „ცრვენა ზვეზდასა“ და ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ შორის წაგებულს დაუპირისპირდება.
ამჟამად თბილისელები ბრატისლავაში იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „სლოვანს“ 29 ივლისს, „ტეჰელნე პოლეს“ სტადიონზე დაუპირისპირდებიან. სლოვაკეთის დედაქალაქში მატჩი თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.