თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი გერმან ზონინი გარდაიცვალა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი გერმან ზონინი გარდაიცვალა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გერმანი ზონინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური იტყობინება.

ზონინი თამაშობდა ლენინგრადის „დინამოში“, კარიერის დასრულების შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა „შრომით რეზერვებს“, ასევე წვრთნიდა ლუგანსკის „ზარიას“, ლენინგრადის „ზენიტს“, როსტოვის სკა-ს, ბოლოს მთავარი მწვრთნელის რანგში თბილისის „დინამო“ ჩაიბარა, ხოლო 1965-67 წლებში ბირმის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა.

ზონინი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანა გუნდი, რომელიც დედაქალაქს არ წარმოადგენდა – 1972 წელს ქვეყნის ჩემპიონატი ლუგანსკის „ზორიათი“ მოიგო. იმავე წელს ზონინმა ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სამი მატჩი ჩაატარა. ზონინი ასევე იყო სსრკ-ს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე, სადაც გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

თბილისის „დინამოს“ 1987 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა, გუნდს დაეხმარა, რომ თავი დაეღწია ბოლო ადგილებისთვის. მის დროს „დინამომ“ 1987 წელს მე-13 ადგილი დაიკავა, 1988 წელს კი – მე-14 ადგილი. მან „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველ როლებში დააწინაურა – გია გურული, თემურ ქეცბაია, ახრიკ ცვეიბა.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 1987-1988 წლების სეზონში უეფა-ს თასზე ითამაშა, საიდანაც ჯერ სოფიის „ლოკომოტივი“ გამოაგდო (1:3, 3:0), 1/16-ფინალში ბუქარესტის „ვიკტორიას” სძლია (2:1, 0:0), შემდეგ კი დამარცხდა ოტო რეჰაგელის გაწვრთნილ ბრემენის „ვერდერთან“ (1:2, 1:1), რომელმაც მანამდე მოსკოვის „სპარტაკი“ (1:4, 6:1) გამოაგდო, შემდეგ კი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო 1988 წელს ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა.

გერმან ზონინი იძულებული გახდა „დინამო“ დაეტოვებინა – მან ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და მუშაობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. „დინამოს“ მარცხენა მცველმა მალხაზ არზიანმა ძლიერი დიაგონალური პასი გააკეთა. ბურთი მიწაზე დაეცა, უფრო აჩქარდა და თავში მოხვდა მწვრთნელს, რომელიც ბურთს ვერ ხედავდა.

დარტყმის შედეგად ზონინს ყური და თვალი დაუზიანდა, ორი დღე მძიმე მდგომარეობაში იყო და თბილისის „დინამოს“ დიღმის საწვრთნელი ბაზიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს. გუნდში მას შემდეგ აღარ გამოჩნდა, რადგან ჩათვალა, რომ პენსიაზე გასვლის დრო იყო.