თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი - მინდა, პარტნიორობისთვის დე ლაურენტისს შევხვდე #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი - მინდა, პარტნიორობისთვის დე ლაურენტისს შევხვდე #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ La Repubblica-სთან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა. მანამდე კი სტატიის ავტორი საქართველოსა და კვარაცხელიაზე წერს.

„ქართული ფეხბურთი მოულოდნელად წინ წავიდა და ეროვნული ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში 150-ე ადგილიდან 78-ე ადგილზე გადავიდა. ქვეყანაში, რომელსაც 10 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული ძალოსნობაში, ძიუდოში და ჭიდაობაში, კვარა სიმფონიას ჰგავს, რომელიც ცარიელ ოთახს ავსებს. კვარას ქარი შორეულ სტადიონებზე ვულკანის სახით იფრქვევა. თუ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატს მოიგებს, საქართველოში, მსოფლიოს ამ შორეულ კუთხეში, კვარაცხელიას გავლენის წყალობით ასევე დიდი დღესასწაული იქნება“, – ვკითხულობთ სტატიის შესავალში.

რაც შეეხება რომან ფიფიას, მან „ნაპოლის“ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან პარტნიორობის სურვილი დააფიქსირა.

„ახლა კვარაცხელიას ყველა იცნობს. ის „დინამოს“ აკადემიას მისი დაარსების წელს, 2012 წელს შეუერთდა. პრეზენტაციას მაშინ კრიშტიანო რონალდოც დაესწრო. ამ დროს ხვიჩა კლუბ „ავაზაში“ ვარჯიშობდა, რომელსაც მამამისი წვრთნიდა.

მისი პროგრესი 2016 წელს დაიწყო, როცა აკადემიაში საცხოვრებლად გადმოვიდა. ეს იყო გამონაკლისი, რადგან აკადემიის სასტუმროში მხოლოდ თბილისში ჩამოსული ბავშვები ცხოვრობდნენ. მაგრამ შევამჩნიეთ, რომ ამ პატარა ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდებოდა.

კვარა შესანიშნავი დრიბლიორი გამოდგა და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი იყო. ეს არის ჩვენი აკადემიის დამსახურება: კარგი ვარჯიში, კარგი კვება, კარგი პირობები. პირველ გუნდში სადებიუტო გოლი 16 წლისამ ქობულეთის „შუქურას“ გაუტანა. როგორც წესი, ფსიქოლოგიური ნახტომი მაშინ ხდება, როცა დიდ გუნდში იწყებ თამაშს.

ახლა მინდა წავიდე ნეაპოლში, შევხვდე „ნაპოლის“ პრეზიდენტ დე ლაურენტისს და მათთან პარტნიორობის დამყარებაზე მოვილაპარაკო. სერია A-ში ლოჩოშვილიცაა, რომელიც ასევე ჩვენს აკადემიაში გავზარდეთ, ახლა ის „კრემონეზეშია“. ჩვენ ვიცით, როგორ გავზარდოთ ნიჭიერი ბავშვები. მათი წინსვლით კი უზომოდ გახარებულები ვართ“, – განაცხადა „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა La Repubblica-სთან.