თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანი მურთაზ ხურცილავა 80 წლის გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

მურთაზ ხურცილავა 80 წლის გახდა. ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე იცავდა თბილისის „დინამოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი და კაპიტანი.

თბილისის „დინამოში“ 15-წლიანი კარიერის (1961-75 წლები) განმავლობაში 371 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

არის სსრკ-ის ჩემპიონატების 5-გზის მესამე პრიზიორი 1962, 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. 10-ჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, აქედან ხუთჯერ – პირველ ნომრად. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 2013 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.

იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ასევე პირველი ქართველი, ვინც საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნად აირჩიეს. ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი და გაიტანა 7 გოლი.

1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რევაზ ძოძუაშვილთან ერთად, ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ევროპის 1972 წლის ვიცე-ჩემპიონი, იმავე წელს მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

„1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინაში იტალიას შევხვდით, რომელსაც მაშინ ყველგან ვუგებდით. მაგრამ ეს მატჩი 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი მონეტის აგდებით გადაწყდა.

გუნდის კაპიტანი ალბერტ შესტერნიოვი მწვრთნელმა, მიხეილ იაკუშინმა გააფრთხილა, რომ მონეტის აგდების დროს ეთქვა – „არიოლი“. მაგრამ შესტერნიოვს შეეშალა და თქვა – „რეშკა“. გასახდელში გამოაცხადეს, რომ გაიმარჯვა „არიოლმა“. გვიხაროდა, მაგრამ ყველაფერი რომ გაირკვა, იცით, გასახდელში რა ამბავი ხდებოდა? იაკუშინი შესტერნიოვს ახრჩობდა“, – გაიხსენა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მურთაზ ხურცილავამ.

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1966 წლის ინგლისისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის მონაწილეს მუნდიალის ნახევარფინალში უთამაშია.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. იყო ზუგდიდის „დინამოს“,  ლანჩხუთის „გურიას“, თბილისის „შევარდენის“, „სამტრედიას“, „დინამო თბილისის“, თბილისის „ლოკომოტივის“, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთვარი მწვრთნელი. 2001-03 წლებში მუშაობდა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის ასისტენტად.

1997 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის მურთაზ ხურცილავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.