თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ მეკარეს, ოთარ გაბელიას 72 წელი შეუსრულდა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ მეკარეს, ოთარ გაბელიას 72 წელი შეუსრულდა #1TVSPORT

დღეს ოთარ გაბელიას დაბადების დღეა. მეკარე, რომელიც თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი წარმატების მონაწილე იყო, 72 წლის გახდა.

ფეხბურთის თამაში 1963 წელს ზუგდიდში დაიწყო. გამოდიოდა ზუგდიდის „დინამოში“ (1970–1971) და სოხუმის „დინამოში“ (1972–1973), ხოლო 1974–1976 წლებში – ქუთაისის „ტორპედოში“, საიდანაც 1977 წელს თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს. სწორედ აქედან დაიწყო გაბელიას კარიერაში საუკეთესო ეტაპი. მან ძირითად შემადგენლობაში ჩაანაცვლა გამოცდილი დავით გოგია, რომელსაც ტრავმები აწუხებდა.

„დინამოს“ შემადგენლობაში ჩემპიონატში 271 მატჩი ჩაატარა, საერთაშორისო ტურნირებზე კი 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (17 – თასების მფლობელთა თასზე, 11 – უეფას თასზე, 4 – ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე). ლეგენდარული მეკარე „დინამოში“ 10 წლის განმავლობაში თამაშობდა და კარი მშრალად 131-ჯერ შეინახა.

1982 წლის ბოლოს „დინამო“ დატოვა და 1983–1984 წლებში ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა. თუმცა 1985 წელს კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, სადაც 1989 წელს კარიერა დაასრულა. ორი მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ნაკრებში – ეს 1979 წელს მოხდა.

1979 წელი ოთარ გაბელიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. 11 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის თასის ფინალში, მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში სამი 11-მეტრიანი მოიგერია და თბილისელებს კლუბის ისტორიაში მეორედ მოუპოვა საპატიო ჯილდო. წლის ბოლოს „დინამოს“ წარმომადგენელი საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

1981 წელს იგი ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გუნდის შეუცვლელი მეკარე და ერთ-ერთი საკვანძო წევრი იყო. 2011 წლის 17 მაისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ოთარ გაბელიას – „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.