თბილისის „დინამომ“ რომან გოცირიძეს უპასუხა: შესაძლოა, გუნდის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია მოაწყვეს
თბილისის „დინამომ“ რომან გოცირიძეს უპასუხა: შესაძლოა, გუნდის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია მოაწყვეს
თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ გევრდზე გამოქვეყნა წერილი, სადაც პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ბ-ნო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია. რატომღაც შეწუხდით და „დინამო თბილისის“ კრიტიკით დაკავდით, თუმცა თავი არ შეგიწუხებიათ და არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან, თუ რა მოხდა.
დინამო მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა არასამართლიანი სანქცია, რადგანაც ავადხსენებული ბანერი ბევრჯერ იყო გამოფენილი თამაშების დროს და ის ფაშისტურ სიმბოლიკად არასდროს ჩათვლილა, რამეთუ მასზე გამოსახულია 1988, ანუ ფანკლუბის დაარსების წელი.
ერთ რამეში კი მართალი ბრძანდებით, რომ ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს იყენებს მე- 2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან აშკარად არამისაღები ჟესტით. „დინამო“ მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას გუნდის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ და მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის რჩეული“, ნაცვლად კლუბთან გვერდში დგომისა, მისი დაკნინებით ხართ დაკავებული.
დინამო თბილისისთვის შეურაცხმყოფელია მის სახელთან ნებისმიერი ფაშისტური და ნაცისტური გამოვლინების დაკავშირება და კლუბი ემიჯნება მათ ნებისმიერ გამოვლინებას“ – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რომან გოცირიძემ „დინამო თბილისი“ უეფას სანქციის მიმართ დამოკიდებულების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
„თბილისის „დინამო“ უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომები, ცდილობს, გაამართლოს ისინი“, – წერს პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში.