თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა - რუსებთან საგოლე პასი ისევ კირკიტაძემ შეასრულა #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა - რუსებთან საგოლე პასი ისევ კირკიტაძემ შეასრულა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდა და რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის „დინამოს“ სათადარიგოებში იყვნენ სამტრედიაში გაზრდილი მცველი საბა საზონოვი და ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე. ორი „დინამოს“ შეხვედრებს მდიდარი ისტორია აქვს: სსრკ-ის ჩემპიონატებში 108 მატჩი ჩაატარეს, უახლეს ისტორიაში კი სამი ამხანაგური თამაში იყო. 2008 წელს მოსკოველებმა მოიგეს 3:0, 2002 და 2013 წლებში ფრე კი 1:1 დაასრულეს. მათგან ბოლოს ვიტალი დარასელიას სახელობის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე თბილისში ჩამოსულმა ანდრეი შევჩენკომ და კრიშტიანო რონალდუმ „დინამო-არენას“ ტრიბუნებიდან უყურეს.

კახა ცხადაძის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა. თორნიკე კირკიტაძემ, რომელმაც მოსკოველებს 2020 წელს ევროპის ლიგაზე „ლოკომოტივში“ გამოსვლის დროსაც დიდი პრობლემები შეუქმნა, მარჯვენა ფლანგზე მცველს გაასწრო, საჯარიმოში შევარდა და კარის წინ უსმანე კამარა მოძებნა, რომელმაც თბილისელები დააწინაურა 1:0.

მეორე ტაიმში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შესვენების შემდეგ მოსკოვის „დინამოს“ ფრანგმა შემტევმა ფაბიან ვალბუენამ შანსით ვერ ისარგებლა – ამ ეპიზოდში მეკარე დავით კერესელიძემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა. შემდეგ შანსი თბილისელთა შემტევს ბარს ოსეის ჰქონდა და ვერ დაარტყა. საბოლოოდ კი თბილისელებმა საკმაოდ ძლიერ გუნდთან შეკრებაზე პირველი მოგება იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წელიწადში უმდიდრესი ბიუჯეტის მქონე რუსული „დინამო“ ქართულ კლუბებთან მესამედ დამარცხდა – 2018 წელს შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ სძლია 1:0, 2020 წელს ევროპის ლიგიდან თბილისის „ლოკომოტივმა“ (2:1) გამოაგდო და ახლა „დინამო თბილისმა“ დაამარცხა 1:0.