თბილისის „დინამომ“ კონკურენტი დაამარცხა და ლიდერი გახდა (ვიდეო)

თბილისის „დინამომ“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი – ბათუმის „დინამო” დაამარცხა და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში პირველად გახდა ლიდერი.

21-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. მიმდინარე სეზონზე ამ გუნდების ორივე შეხვედრა ბათუმელებმა მოიგეს – თბილისში ანგარიშით 1:0, ხოლო ბათუმში ანგარიშით 3:2. ამჯერად, თბილისელებმა მეტოქეს აჯობეს და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს.

ანგარიში მეოთხე წუთზე თბილისელთა ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ გახსნა, მაგრამ ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა 26-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტი გოლი 82-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა, ლევან კუტალიამ გაიტანა და ორი „დინამოს“ მატჩი თბილისელებმა, ანგარიშით 2:1 მოიგეს.

თბილისელებმა 41 ქულა დააგროვეს, ბათუმის „დინამოსთან“ (39 ქულა) ერთად ლიდერ „საბურთალოსაც“ (40) გადაასწრეს და მიმდინარე სეზონზე სატურნირო ცხრილს სათავეში პირველად მოექცნენ.