„დინამო თბილისი“-„ფეიენოორდის“ მატჩის ტრანსლაციას დღეს 20:30 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
„დინამო თბილისი“-„ფეიენოორდის“ მატჩის ტრანსლაციას დღეს 20:30 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ

დღეს, 15 აგვისტოს, „დინამო თბილისი“ როტერდამის „ფეიენოორდს“ უმასპინძლებს. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება.

პირველი მატჩი როტერდამში ჰოლანდიელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ამდენად, განმეორებით შეხვედრაში „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი აქვს.

თბილისელთა მთავარს მწვრთნელს, ფელის ვისენტეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არც დაუმალავს, რომ 15 აგვისტოს მატჩს რეალისტურად უყურებს, თუმცა იმედი აქვს, გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს. მისივე თქმით, 0:4-ის წაგების შემდეგ პლეიოფში გასვლა, ფაქტობრივად, არარეალური ამოცანაა.

როტერდამული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა კი მეტოქისადმი პატივისცემა გამოავლინა და წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდმა აგრესიულად უნდა ითამაშოს, ბოლომდე იბრძოლოს, რადგან ჯერ კიდევ არის შანსი, ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი შეიცვალოს.

„დინამოსა“ და „ფეიენოორდის“ მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 34 წლის საშა შტიგემანია. მას ასისტენტობას მარკო ახმიულერი და კრისტიან გიტელმანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი რობერტ შრიოდერი იქნება. უეფა-ს დელეგატი არიელ კენეტ შიმანი ისრაელიდან არის, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი – ჩეხი მიროსლავ ლიბაა.

უეფა-ს მიერ „დინამო თბილისისთვის“ გამოტანილი სასჯელის მიხედვით, თამაში უმაყურებლოდ ჩაივლის. ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ ქართული გუნდი აზერბაიჯანული „გაბალას“ მატჩის დროს ტრიბუნაზე გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა, რომელშიც, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის წევრთა თქმით, ნაცისტური სიმბოლიკა იყო გამოსახული.

„დინამო არენაზე“ 15 აგვისტოს შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.