„ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დროს, აზერბაიჯანულ ქალაქ გაბალას სტადიონზე არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, – ამ განცხადებას თბილისის „დინამო“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა რამდენიმე მცდარი ცნობა იმის შესახებ, თითქოს ქართველ გულშემატკივრებს პოლიტიკური შინაარსის ბანერები ჰქონდათ გამოფენილი, რამაც არენაზე დაძაბულობა გამოიწვია.
„გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ, რამდენიმე „ფეიკ“ და სახელდახელოდ შექმნილი გვერდების მიერ მოხდა თამაშის მიმდინარეობის არასწორედ და პროვოკაციულად ამსახველი, დამონტაჟებული ფოტო და ტექსტური ინფორმაციის გავრცელება, სადაც აქცენტი პოლიტიკურ ბანერებზე და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაზე გაკეთდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მატჩმა ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს ყველაფერი შეხვედრის პირდაპირ ვიდეო რეპორტაჟშიც თვალნათლივ ჩანდა. გულშემატკივართა მიერ არ ყოფილა გამოფენილი არანაირი პოლიტიკური სახის ბანერი და არც არანაირ დაძაბულობას არ ჰქონია ადგილი. ეს ცრუ ინფორმაციები ნამდვილად ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას. გთხოვთ ამ პროვოკაციული გვერდების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას“ – წერია „დინამოს“ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მატჩი „დინამოსა“ და „გაბალას“ შორის თბილისელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა თბილისში 1 აგვისტოს გაიმართება.