თბილისის „დინამო“ ცნობილ გერმანულ ბრენდთან ითანამშრომლებს
თბილისის „დინამო“ ცნობილ გერმანულ ბრენდთან ითანამშრომლებს

კომპანია „პუმამ“ საფეხბურთო კლუბ თბილისის“დინამოსთან“ თანამშრომლობა გადაწყვიტა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ცნობილი გერმანული ბრენდი უახლოესი სამი წელი თბილისური კლუბის ტექნიკური პარტნიორი იქნება.

აქამდე თბილისური კლუბის ტექნიკური პარტნიორი ასევე გერმანული კომპანია „ადიდასი“ იყო. ახალი ფორმების პრეზენტაცია „დინამო არენაზე“ გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ ტრადიციული ლურჯ-თეთრის გარდა, თბილისელები დამატებით შავი ფერის მაისურებსაც მოირგებენ.

პრეზენტაციას „დინამოს“ ფეხბურთელები, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპავა, ასევე გერმანული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ცნობილ ბრენდთან პირდაპირი კონტრაქტი დავამყარეთ. ამ სამი წლის განმავლობაში „პუმა“ საკუთარ თავზე იღებს არა მხოლოდ მთავარი კლუბის, არამედ, საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელთა შემოსვას“ – ამბობს „დინამოს“ დირექტორი ზაზა დოლიძე.

ალექსანდერ ლოები, „პუმას“ სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი: „თავად ფეხბურთელი ვიყავი და „ლუბეკში“ ალექსანდრე იაშვილთან და დათო სირაძესთან მითამაშია. სხვათა შორის, იენიდან ვარ და თბილისის „დინამოს“ ბავშვობიდან ვიცნობ. ჩვენი კომპანია მხოლოდ ცნობილ კლუბებთან თანამშრომლობს – „მილანთან“, „მარსელთან“, „ვალენსიასთან“, თბილისის „დინამო“ კი მთელს ამ რეგიონში გამორჩეული ისტორიის, ტრადიციებისა და მიღწევების მქონე გუნდია და პარტნიორობა ამიტომ გადავწყვიტეთ“.

1924 წელს ბავარიის პატარა ქალაქ ჰერცოგენაურახში, ძმებმა, ადოლფ (ადი) და რუდოლფ დასსლერებმა კომპანია „ძმები დასსლერების ფეხსაცმელების ფაბრიკა“ დააფუძნეს, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. 1948 წელს ძმებმა დასლერებმა თავიანთი საწარმო ორ ნაწილად გაყვეს. ადოლფმა საკუთარ კომპანიას დაარქვა თავისი სახელის და გვარის პირველი ასოებისგან შედგენილი სახელი – ადიდასი (Addas). რუდოლფმაც ანალოგიური კომბინაციით თავის კომპანიას დაარქვა რუდა (Ruda), რომელსაც მერე „პუმა“ უწოდა. ასე დაიწყო მრავალწლიანი ბრძოლა პირველობისთვის ადოლფსა და რუდოლფს შორის.

1952 წელს პუმას ბუცები დასახელებით Atom შემოსილი იყო გერმანიის თითქმის მთელი ნაკრები, ხოლო 1958 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის და ბრაზილიის ნაკრებები. 1970 წელს მექსიკაში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე პელე სწორედ პუმას ბუცებში თამაშობდა. 1986 წელს დიეგო მარადონამ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი პუმას ბუცებით მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა პუმა აწარმოებს საათებს, სათვალეებს, აქსესუარებს, პარფიუმერიას და ა. შ. კომპანია ერთ-ერთ წამყვან მოდურ ბრენდად მიიჩნევა. „პუმა“  „მილანის“, „ვალენსიას“, „დორტმუნდის“, „მარსელის“, „არსენალის“, „მანჩესტერ სიტის“ პარტნიორია.

ამ კომპანიის ფორმებით ბევრი ეროვნული ნაკრები იმოსება, მათ შორის – იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის, სერბეთის, ჩეხეთის, ურუგვაის, ეგვიპტის, სენეგალის, პარაგვაის, სლოვაკეთის, კოტ დივუარის. 2014 წელს კომპანიამ 5 წლის ვადით გააფორმა კონტრაქტი არსენალთან, რომელსაც 150 მილიონ ევროს გადაუხდიან.