თბილისი უეფა-ს რეგიონულ ღონისძიებას მასპინძლობს #1TVSPORT
თბილისი უეფა-ს რეგიონულ ღონისძიებას მასპინძლობს #1TVSPORT

19 თებერვალს საქართველოში უეფა-ს ლიცენზირების მასშტაბური რეგიონული ვორქშოფი დაიწყო, რომელიც თბილისში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ეს საქართველოში გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიებაა, რომელშიც უეფა-ს წევრი 18 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებიან, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და, ასევე, გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან.

ვორქშოფის პირველ დღეს უეფა-ს საკლუბო ლიცენზირების ხელმძღვანელი ალეშ ზავრი, საკლუბო ლიცენზირების მენეჯერი ანა პოლატოვსკა და საკლუბო ლიცენზირების სპეციალისტი დავიდ პერადალტა ნეგრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ასევე ლიცენზირების ექსპერტებსა და ლიცენზირების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

ვორქშოფი სასტუმრო „შერატონში“ გაგრძელდება. მონაწილეები უეფა-ს მხრიდან დანერგილ სიახლეებს გაეცნობიან. ღონისძიებას, ასევე, უეფა-ს საკლუბო ლიცენზიის მაძიებელი კლუბების წარმომადგენლები დაესწრებიან. ლიცენზირების გარდა, საუბარი ევროპული ფეხბურთის განვითარების გეგმებსაც შეეხება.