თბილისი თუ სევილია - დღეს გადაწყდება, ვინ უმასპინძლებს 2021 წელს ევროპალიგის ფინალს
თბილისი თუ სევილია - დღეს გადაწყდება, ვინ უმასპინძლებს 2021 წელს ევროპალიგის ფინალს

დღეს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში უეფა-ს (UEFA) აღმასკომის სხდომა გაიმართება. სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ შეკრებილი აღმასკომის წევრები გადაწყვეტენ, ვინ უმასპინძლებს უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალს.

ეს სხდომა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისი ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობაზე წინადადებებს 2018 წლის 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე იღებდა. შემოთავაზებები 11-მა წევრმა ქვეყანამ წარადგინა. საბოლოო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 15 თებერვალი იყო.

ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობაზე თავდაპირველი სიიდან პირველი ეტაპი სამმა კანდიდატურამ გაიარა: 1 – ვენის „ერნსტ ჰეპელის“ სტადიონი, 2 – თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“ და 3 – სევილია (სტადიონი „სანჩეს პისხუანი“), ბოლოს კი თბილისისა და სევილიას სტადიონები შემორჩა.

ამავე დროს, დღესვე გაირკვევა მამაკაცებისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგებისა და უეფა-ს სუპერთასის მასპინძელი ქალაქების ვინაობა.

„დინამო არენამ“ მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირის ფინალს 2015 წელსაც უმასპინძლა, როდესაც ევროპის სუპერთასზე „ბარსელონამ“ ანგარიშით 5:4 „სევილია“ დაამარცხა.