თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება #1TVSPORT
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოჭიდავეები და საბრძოლო სპორტის ვარსკვლავები უკვე საქართველოში იმყოფებიან და 11 ივლისს დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირისთვის – RAF Georgia-სთვის ემზადებიან.
თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამ მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის – ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.
ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში.
წონითი კატეგორიები:
უმსუბუქესი წონა (Bantamweight – ქალები) – 53-57 კგ-მდე
ქვემსუბუქი წონა (Featherweight) – 65 კგ-მდე
მჩატე წონა (Lightweight) – 70-74 კგ-მდე
საშუალო წონა (Middleweight) – 86 კგ-მდე
ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) – 97 კგ-მდე
პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) – 90-100 კგ
მძიმე წონა (Heavyweight) – 125 კგ-მდე
ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული, ფულად ჯილდოს მიიღებს. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ:
სნაიდერი – სადულაევი
დეიკი – გამყრელიძე
მაროულისი – ლისაკი
RAF Georgia 11 ივლისს, 20:00 საათზე ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება.