თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ორი აღებული და ერთი განაღდებული მედალი ბულგარეთიდან
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ორი აღებული და ერთი განაღდებული მედალი ბულგარეთიდან

ბულგარეთში 28 თებერვალს დაწყებულ თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე, უკვე, მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. „დონ კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე“ გიორგი იანტბელიძემ ათი სპორტსმენი წაიყვანა და მათგან შვიდი ასპარეზობაში უკვე ჩაერთო.

92 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ირაკლი მწითურმა ფინალამდე ორი თურქი და ერთი ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ მოგამედ კურბანოვთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:7 წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მეორე მედალი საქართველოს ნიკა კენჭაძემ მოუპოვა. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში იგი ნახევარფინალმდე მივიდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების წევრ დიერინგერთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი თურქ კოტანოღლუს 5:0 მოუგო და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

კიდევ ერთი მედალი ნაკრებს ბექა ბუჯიაშვილმა გაუნაღდა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა სამი შეხვედრა მოიგო დღეს კი ოქროს მედლისთვის თურქ სულეიმან ატლის დაუპირისპირდება.

დღესვე წინასწარი შეხვედრები იმართება 86, 97 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში, სადაც საქართველოს შესაბამისად სანდრო ამინაშვილი, ზვიად მეტრეველი და გენო პეტრიაშვილი წარმოადგენენ.

დღევანდელი დღის ნახევარფინალური ბლოკი 19:00-იდან ფინალური ბლოკი კი სადაც ბექა ბუჯიაშვილი იასპარეზებს 20:00-იდა დაიწყება.