თავისუფალი სტილით ჭიდაობა | მინსკი 2019
თავისუფალი სტილით ჭიდაობა | მინსკი 2019

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა. მას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ, როგორც ორთაბრძოლისა და უძლიერესის გამოვლენის ერთ-ერთ მეთოდს, ზევსიდან დაწყებული, აბრაამ ლინკოლნით დამთავრებული. ჭიდაობის სცენები გვხვდება კლდის მხატვრობაში, ეგვიპტისა და ერაყის გამოქვაბულების კედლებზე. ეს ნახატები ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლის წინანდელია. ჭიდაობა პოპულარული იყო ძველ ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. ანტიკურ საბერძნეთში კი ის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეობა გახლდათ. დღეს ჭიდაობა იყოფა ორ სახეობად: თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობად.

თავისუფალი სტილით ჭიდაობა – ორთაბრძოლის სახეობა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მაგ. მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა) და რომელშიც ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს. თავისუფალ ჭიდაობაში, კლასიკურისგან განსხვავებით, მეტოქის ფეხის დაჭერა და ილეთის დროს ფეხების აქტიურად გამოყენება ნებადართულია.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სპორტის ეს სახეობა 1904 წელს ჩართეს, ქალებისთვის კი 2004 წელს.

მეორე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალები და კაცები 6-6 წონაში ჯამში მედლების 12 კომპლექტს გაათამაშებენ. ორთაბრძოლები 25, 26 და 27 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მინსკში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:

ლომთაძე ლაშა – 57 კგ.

ხინჩეგაშვილი ვლადიმერი – 65 კგ.

კენჭაძე ავთანდილი – 74 კგ.

ამინაშვილი სანდრო – 86 კგ.

ოდიკაძე ელიზბარი – 96 კგ.

მაჭარაშვილი გივი – 125 კგ.