თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მე-8 სხდომაზე ორი რეკომენდაცია მიიღო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომისია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან. კომისია რეკომენდაციით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, მათაც მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ სხვა პარტიის სააგიტაციო შეხვედრებზე დასწრებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი შესაძლო ინციდენტი.

უწყებათაშორისი კომისია, ასევე, მიმართავს განათლების სამინისტროს რესურსცენტრების, საჯარო სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებს, სამუშაო საათებში არ მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, მათ შორის, სოციალური ქსელის გამოყენებით, და მოუწოდონ პედაგოგებს, არ დაუშვან სასწავლო პროცესის პოლიტიზება, მაქსიმალურად გამიჯნონ საარჩევნო და სასწავლო პროცესი.

უწყებათაშორისი კომისიის მე-8 სხდომამ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებიც განიხილა, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია ინტენსიურად – კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს.

კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.

დატოვე კომენტარი