თავისუფალი ჭიდაობა | მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ორი ქართველი ფალავანი ნახევარფინალში იასპარეზებს.
57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა მეოთხედფინალში მოლდოველი ბულგარუ 11:1 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ბაზარგანოვს დაუპირისპირდება.
ტურნირის მეორე ნახევარფინალისტი გივი მაჭარაშვილია (97 კგ), რომელმაც პოლონელ ბარანოვსკის სძლია და ფინალში გასასვლელად სლოვაკეთის სახელით გამომსვლელ ცაკულოვს შეხვდება.
დღეს ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ სამი წევრი გავიდა – ნიკა ზაქაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ). ისინი მეოთხედფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებენ.
ტურნირზე ნახევარფინალები 19:00 საათზე გაიმართება, ფინალური ბლოკი კი 25 აპრილს ჩატარდება.